Loading data...
მერცმა გააკრიტიკა ფონ დერ ლაიენის გაცხადება უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ და აღნიშნა, რომ გერმანიას ჯარების განლაგების კონკრეტული გეგმები არ აქვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება უკრაინის უსაფრთხოების სამხედრო გარანტიებთან დაკავშირებით, კერძოდ, უცხოური კონტინგენტის განლაგების თაობაზე.

როგორც მერცმა აღნიშნა, ევროკავშირი არ არის პასუხისმგებელი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევის გადაწყვეტილებაზე.

მან ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების განლაგების კონკრეტული გეგმები არ არსებობს - „ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში“.

კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა, მისივე თქმით, მაშინაც კი გერმანული ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანი ეჭვები“ ექნებოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გერმანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მან დასძინა, რომ ჯარების განლაგება ასევე დამოკიდებული იქნება რუსეთთან მიღწეული შეთანხმების ტიპზე.

„ჯერ კიდევ ბევრი, ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი, შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“, - დაასკვნა მერცმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Financioal Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში ჯარების პოტენციური განლაგების „საკმაოდ მკაფიო გეგმებს“ ამუშავებენ.

4 სექტემბერს პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებს განიხილავენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება