Loading data...
AFP: ზელენსკი პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრას შეუერთდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 4 სექტემბერს, პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრას შეუერთდება, სადაც უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებს განიხილავენ. ამის შესახებ AFP-ს ევროპელმა დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

როგორც სააგენტოს წყარომ აღნიშნა, „ასეთი შეხვედრა დაგეგმილია“. წყაროს ცნობით, შეხვედრის დროს ისინი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს და დიპლომატიის ხელშეწყობას განიხილავენ, რადგან რუსები „კვლავ აჭიანურებენ პროცესს“.

ჯერჯერობით უცნობია, ზელენსკი შეხვედრას პირადად დაესწრება, თუ ვიდეოჩართვის საშუალებით.

ცნობისთვის, პარიზში გამართული შეხვედრის შესახებ პირველად Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია.

FT-ის წყაროების ცნობით, შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეხვედრის მონაწილეები უკრაინისთვის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების შესახებ მაღალი დონის დისკუსიებს გააგრძელებენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში ჯარების პოტენციური განლაგების „საკმაოდ მკაფიო გეგმებს“ ამუშავებენ.