მელონი აცხადებს, რომ მას და კიდევ ორ მინისტრს გენოციდში თანამონაწილეობისთვის ჰააგის სასამართლოში უჩივიან

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას და კიდევ ორ იტალიელ მინისტრს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) ბრალდება წარედგინა ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევებთან დაკავშირებით გენოციდში სავარაუდო თანამონაწილეობისთვის. მელონის განცხადებას Reuters-ი ციტირებს.
იტალიის მთავრობის მეთაურის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ბრალდებები ასევე წაუყენეს თავდაცვის მინისტრ გვიდო კროსეტოს და საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის.
მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ბრალი წაუყენონ იტალიური თავდაცვის კონცერნის „ლეონარდოს“ ხელმძღვანელს რობერტო ჩინგოლანს.
„მე არ მჯერა, რომ მსოფლიოში, ან ისტორიაში მსგავსი საქმე კიდევ არსებობდეს“, - აღნიშნა მელონიმ.
მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად ვინ აღძრა საქმე მის და მისი მინისტრების წინააღმდეგ.
ბოლო კვირის განმავლობაში იტალიაში არაერთი დემონსტრაცია გაიმართა, რომლის დროსაც ასობით ათასი ადამიანი ღაზაში მასობრივი მკვლელობების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა, ბევრი მომიტინგე ასევე მელონის წინააღმდეგაც გამოვიდა.
მელონის მთავრობამ, რომელიც ზოგადად ისრაელის ერთგული მხარდამჭერია, ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას არაპროპორციული უწოდა, თუმცა ისრაელთან არ გაუწყვეტია არანაირი კომერციული, ან დიპლომატიური კავშირები და არც პალესტინის სახელმწიფო უღიარებია.
ცნობისთვის, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ორი წლისთავზე მელონიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა მხარეებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან.