შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს ხელი მისწვდება ყველა მოღალატეს, ვინც 4 ოქტომბერს გადატრიალებას ახდენდა, ერთმანეთში მოღალატეებსაც გაარჩევს, დასვამს ერთად ციხეში და ერთ საკანში არჩიონ, ვინ ვის უღალატა

„ჩვენ მივწვდებით ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს გარედან ხელშეწყობით გადაწყვიტეს აქ სისხლისღვრის დატრიალება, მივწვდებით მათ ერთმანეთში მოღალატეებსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ვის ვისთვის შეიძლება ეღალატა, რადგან როგორც კი ორგანიზატორების მხრიდან გეგმა გაჟღერდა, ფაქტობრივად, ყველა გაქრა, ვინც ახლა აკრიტიკებს ორგანიზატორებს.
„უპირველეს ყოვლისა, მივწვდებით ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს გარედან ხელშეწყობით, დაკვეთით, თავზე ხელის გადასმით და წახალისებით გადაწყვიტეს, აქ სისხლისღვრის, თოფის სროლის და მსხვერპლის დატრიალება, როგორც ეს ქალბატონმა მარინე ჩიტაშვილმა თქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო შედეგი. თავს ვიტყუებთ? არ ვიცით, რა უნდოდათ? თავის მოსულელება ხომ არ შეიძლება ახლა მართლა? რა ჰგონიათ ქართველი ხალხი, ასეთი შტერია, რომ თავს მოასულელებინებს? რაც მთავარია, ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი, ასეთ ვითომ აღტყინებულ გამოსვლებს რა მოჰყოლია 90-იან წლებში; ჩვენი თვალით გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი. ეს ის თაობაა მათ შორის, ვისაც ეს გამოვლილი აქვს, ეს ემოციურად დაზიანებული, „პოკემონით“ მოსიარულე ადამიანი, ის ხალხია, რომელიც ან ბავშვი იყო, ან ახალგაზრდა იმ დროს, 90-იან წლებში და ამას უკეთებენ თავის შვილებს. დღეს ვინც რუსთაველის გამოდის, თავის შვილებს აბრუნებს 90-იან წლებში. თავის შვილებს ამას უშვრებიან და შეეშვან ჩვენი ქვეყნის ოთხ მილიონ მოქალაქეს, ხომ?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელი მისწვდება ყველა მოღალატეს, ვინც 4 ოქტომბერს საქართველოში გადატრიალებას ახდენდა.
„მათ შორის, ერთმანეთში მოღალატეებსაც გაარჩევს, დასვამს ერთად ციხეში და იქ შემდეგ, ერთ საკანში არჩიონ, ვინ ვის უღალატა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.