მელონი: ღაზას შესახებ ტრამპის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა შესაძლებლობას გვთავაზობს, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა მხარეებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან. ამის შესახებ მან 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის მეორე წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.
მელონის თქმით, „ჰამასის“ ძალადობამ ახლო აღმოსავლეთში უპრეცედენტო კრიზისი გამოიწვია, ისრაელის სამხედრო პასუხმა კი პროპორციულობას გადააჭარბა და ღაზაში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ეს წლისთავი იმ დროს ემთხვევა, როდესაც ამ ომის დასრულების რეალური შესაძლებლობა ჩნდება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა, რომელმაც არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების, არამედ არაბული და ისლამური ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა მიიღო, შესაძლებლობას გვთავაზობს, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. ეს არის შესაძლებლობა, მივაღწიოთ საომარი მოქმედებების სამუდამო შეწყვეტას, დავაბრუნოთ „ჰამასის“ მიერ ჯერ კიდევ დაკავებული მძევლები და დავიწყოთ პროცესი, რომელიც შექმნის საფუძველს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მთელ ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა მელონიმ.
მან მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს „ძვირფასი და მყიფე შესაძლებლობა წარმატებით დაგვირგვინდეს“.
ღაზაში ომის დასრულებისთვის აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად არაპირდაპირი მოლაპარაკებები 7 ოქტომბერს ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაგრძელდება.