კანადა თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ისრაელსა და ღაზაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, რადგან ისრაელზე თავდასხმის რისკები არსებობს

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, ისრაელში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, რადგან არსებობს რისკი, რომ ირანი ისრაელს თავს დაესხმება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ კანადელები, რომლებიც ამჟამად ამ ტერიტორიაზე იმყოფებიან, უნდა წამოვიდნენ.
„ისრაელის ტერიტორიაზე მოსალოდნელი თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, რეგიონული უსაფრთხოების სიტუაცია უაღრესად არასტაბილურია და შესაძლოა, გაფრთხილების გარეშე გამწვავდეს“, - წერს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი სოცოალურ ქსელ X-ში.
მანამდე ფედერალურმა მთავრობამ კანადელებს ურჩია, რეგიონში არასასურველ მოგზაურობას თავი აარიდონ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, ირანი ისრაელს თავს იმაზე ადრე დაესხმება, ვიდრე მოსალოდნელია და თეირანს მოუწოდა, ეს არ გააკეთოს.
არსებული ცნობით, რამდენიმე დღის წინ ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოში ირანის საელჩოს გვერდით მდებარე შენობაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორისაა ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი წევრი.
ისრაელის თავდაცვის ძალებს დამასკოში მომხდარი თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა ირანი თავდასხმაში მას ადანაშაულებს და პირობას დებს, რომ ისრაელი საპასუხო დარტყმას მიიღებს.