Loading data...
DW: გერმანიის პოლიცია ინტერნეტში სიძულვილის ენისა და წაქეზების, მათ შორის პოლიტიკოსების შეურაცხყოფაზე ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ოპერაციას ატარებს

გერმანიის პოლიცია ინტერნეტში სიძულვილის ენისა და წაქეზების, მათ შორის პოლიტიკოსების შეურაცხყოფაზე ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ოპერაციას ატარებს, - ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის ფედერალური ოფისის (BKA) ხელმძღვანელობით 170-ზე მეტი ჩხრეკა და სხვა ქმედება მიმდინარეობს.

როგორც მედია წერს, ჩხრეკა, დაკითხვა და პირების იდენტიფიკაციის ღონისძიებები 16-ვე ფედერალურ მიწაზე ტარდება, თუმცა დაკავებები არ იგეგმება. ყურადღება გამახვილებულია ინტერნეტში მემარჯვენე ექსტრემისტული განცხადებების ავტორებზე, ზოგიერთ შემთხვევაში საუბარია ექსტრემისტულ რელიგიურ პოსტებსა და მემარცხენე განცხადებებზე.

130 გამოძიებიდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში 14-ია ჩხრეკა იგეგმება.

დასავლეთ გერმანიის ამ მიწაზე ოპერაციას ერთდროულად ატარებს ბილეფელდის, ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, გელზენკირხენის, ჰაგენის, კიოლნის და მიუნსტერის პოლიცია.

როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა განუცხადა, „ცოფრულ წამქეზებლებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამოეფარონ თავიანთ მობილურ ტელეფონებს ან კომპიუტერებს“. მისი თქმით, ბევრმა დაივიწყდა „სიძულვილსა და აზრის გამოხატვას შორის განსხვავება“.

მედიის ცნობით, სისხლის საქმეთა ფედერალური ოფისი ინტერნეტში სიძულვილის წამქეზებელთა წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციებს რამდენიმე წელია ატარებს. მაისში უწყებაში განაცხადეს, რომ 2024 წელს გერმანიაში სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველ პოსტებთან დაკავშირებული 10 732 დანაშაული დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 34 პროცენტით მეტია და 2021 წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი.