„ისრაელში ჩამოვარდნილი ფრანები ლტოლვილთა ბანაკებში ბავშვების სათამაშოებია“ - „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი
„ჰამასის“ სპიკერი ჰაზემ ქასემი ნეთანიაჰუსა და კაცის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელიც „ჰამასის“ მიერ „ფრანების გაშვებას“ უკავშირდება.
ქასემი აცხადებს, რომ ეს ფრანები „ლტოლვილთა ბანაკებში [ღაზაში] ბავშვების სათამაშოებია“.
ეს „ჰამასის“ პირველი კომენტარია ღაზიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ფრანებთან დაკავშირებით.
ბოლო დღეებში ისრაელში რამდენიმე ასეთი ფრანი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ღაზის სექტორიდან იყო გადმოფრენილი. ამ დროისთვის მათზე არც ასაფეთქებელი და არც ცეცხლის გამჩენი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ.
„ეს მუქარები შეთხზულ საბაბებს ეფუძნება და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და დარღვევების გაგრძელების გამართლების მცდელობას წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, შუამავალ ქვეყნებსა და მშვიდობის საბჭოს, შეაჩერონ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესია და ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოს დარღვევა“, - აცხადებს „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა „ჰამასი“ გააფრთხილეს, რომ თუ ღაზიდან ისრაელის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით ფრანების გაშვება გაგრძელდება, ისრაელის არმია „გააძლიერებს დარტყმებს“ გაშვებებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და ღაზის სექტორის იმ ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენს, საიდანაც ფრანებს, დრონებსა და ბუშტებს უშვებენ.