„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფრანების გაშვება“ - ნეთანიაჰუ და კაცი „ჰამასს“ აფრთხილებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი „ჰამასს“ აფრთხილებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით ფრანების გაშვების გაგრძელების შემთხვევაში ისრაელის არმია „გააძლიერებს დარტყმებს“ ამ გაშვებებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და ამ ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციას განახორციელებენ.
გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ღაზიდან გაშვებული, სულ მცირე, ოთხი ფრანი ისრაელის კიბუც ნაჰალ-ოზში დაეცა. არმიის თქმით, ფრანებზე საეჭვო არაფერი აღმოჩნდა და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობდა.
„ისრაელი აფრთხილებს „ჰამასს“ რომ თუ ისრაელის მიმართულებით ფრანების, დრონების გაშვებები დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ისრაელის თავდაცვის ძალები გააძლიერებს დარტყმებს გაშვებებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და მოახდენს მოსახლეობის ევაკუაციას იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც ფრანებს, დრონებსა და ბუშტებს უშვებენ“, - ნათქვამია ნეთანიაჰუსა და კაცის ერთობლივ განცხადებაში.