ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, თეირანის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ეკონომიკური მუქარა „სრულმასშტაბიან კლასიკურ კოლონიალიზმთან დაბრუნების რეცეპტია“
ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეკონომიკური მუქარა და მას „სრულმასშტაბიან კლასიკურ კოლონიალიზმთან სავალალო დაბრუნების რეცეპტი“ უწოდა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების გამოცხადება „გაეროს ყველა დამოუკიდებელ წევრ სახელმწიფოზე ექსტრატერიტორიული სუვერენიტეტის აღიარებაა“.
„ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს იძულებას, შეცვალოს თავისი კანონიერი პოლიტიკური არჩევანი, წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ უკანონო ქმედებას. მოთხოვნების შესრულება არ გულისხმობს იმუნიტეტს, ან პატივისცემას. ის უბრალოდ აღიარებს, რომ თქვენი ბანკები, საწარმოები და აეროპორტები მხოლოდ უცხოური ლიცენზიით მოქმედებენ“, - დასძინა ბაგაიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა 19 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირანის წინააღმდეგ „ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია“ დააანონსა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან ის ქვეყნებიც, რომლებიც თეირანთან საქმიან ურთიერთობებს გააგრძელებენ.
საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადასახადების დაწესების ბრძანების გამცემი, ან აღმასრულებელი პირები „სისხლისსამართლებრივ დევნას და სასჯელს დაექვემდებარებიან“.