ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში მიიტანა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ იერიში მიიტანეს ამერიკულ ავიაბაზაზე, რომელიც, მათი თქმით, აშშ-ის მიერ ირანულ სამიზნეებზე განხორციელებული დარტყმების წყარო იყო. ინფორმაციას CNN-ი სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რევოლუციურმა გვარდიამ არ დააკონკრეტა, თუ რომელ საჰაერო ბაზას დაარტყა. აშშ-ს ავიაბაზები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბევრ ქვეყანაში აქვს. თუმცა დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც ირანმა თავდასხმის დაწყება გამოაცხადა, ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა „მტრულ“ დრონებსა და რაკეტებს იგერიებდა.
„დღეს გამთენიისას, ბანდარ-აბასის აეროპორტის გარეუბანში აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ საჰაერო ჭურვების გამოყენებით განხორციელებული აგრესიის შემდეგ, დილის 04:50 საათზე თავდასხმის წყაროდ იდენტიფიცირებული ამერიკული ავიაბაზა დაიბომბა“, - იტყობინება Fars News Agency-ი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით.
რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ მისი პასუხი აშშ-ისთვის „სერიოზული გაფრთხილებაა“ და დასძინა, რომ აშშ-ის „აგრესია უპასუხოდ არ დარჩება“.
ცნობისთვის, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ახალი დარტყმები განახორციელეს ირანის დრონების ბაზაზე, რომელიც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნიდა ამერიკულ ძალებს და კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში.