აშშ-მა ირანში სამხედრო ობიექტებზე ახალი დარტყმები განახორციელა - Reuters
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ახალი დარტყმები განახორციელეს ირანის დრონების ბაზაზე, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ამერიკულ ძალებს და კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო, რომ ირანმა მიაღწია შეთანხმებას სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, აშშ-ის სამხედროებმა ოთხი ირანული მოიერიშე დრონი ჩამოაგდეს და საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში მდებარე სახმელეთო მართვის პუნქტს დაარტყეს.
„ეს ქმედებები იყო გაზომილი, წმინდად თავდაცვითი და მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების აღდგენის შესახებ მან არაფორმალური შეთანხმების პროექტი მიიღო, რომლის ფარგლებშიც ირანი და ომანი სრუტეში მოძრაობას ერთობლივად მართავდნენ. ტრამპმა განაცხადა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გააკონტროლებს სრუტეს და ომანს სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა.
„არავინ გააკონტროლებს (სრუტეს). ეს საერთაშორისო წყლებია და ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა დანარჩენი, თორემ მათი აფეთქება მოგვიწევს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ირანზე აშშ-ის მიერ ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული მეორე დარტყმაა. 25 მაისს აშშ-ის სამხედროებმა იერიში მიიტანეს სამხრეთ ირანზე, რასაც თავდაცვითი ქმედება უწოდეს, თუმცა ირანმა ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეშ დარღვევად“ შეაფასა.