Loading data...
ირანის რევოლუციური გვარდია აშშ-სა და ისრაელს „სინანულის გამომწვევი“ საპასუხო ზომით ემუქრება, თუ ლიბანზე თავდასხმები არ შეწყდება

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ თუ ლიბანის წინააღმდეგ „აგრესია“ დაუყოვნებლივ არ შეწყდება, შესაბამისი რეაგირება იქნება. ამის შესახებ CNN-ი ირანის სახელმწიფო მაუწყებელ IRIB-ზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებულ განცხადებაში ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან სულ რამდენიმე საათში ბეირუთში „სასტიკი ხოცვა-ჟლეტის“ დაწყებაში დაადანაშაულა.

გვარდიამ აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ თუ „ძვირფას ლიბანზე“ თავდასხმები არ შეწყდება, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი „მოვალეობის შესრულებას“ დაიწყებს და „რეგიონში ბოროტ აგრესორებს“ „სინანულის გამომწვევ პასუხს“ გასცემს.

ლიბანურმა სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ „მოწამეთა და დაჭრილების სისხლი ფუჭად არ ჩაივლის“ და აღნიშნა, რომ ისრაელის ბოლო დარტყმებმა კიდევ ერთხელ გააძლიერა მათი „ბუნებრივი და კანონიერი უფლება“, წინააღმდეგობა გაუწიონ და უპასუხონ ისრაელის თავდასხმებს. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ინციდენტი გააძლიერებს მათ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ ისრაელთან დაპირისპირება და დაიცვან ლიბანის უსაფრთხოება.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ქვეყნის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე 112 ადამიანი დაიღუპა და 837 დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, 8 აპრილის დილას ლიბანში „ჰეზბოლას“ 100 სამეთაურო ცენტრსა და სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიშები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს და ამის მიზეზი „ჰეზბოლაა“.