ირანი იმუქრება, რომ თავს დაესხმება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და აშშ-ის ბაზებს - THE TIMES OF ISRAEL

ირანი აცხადებს, რომ თავს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ბაზებს დაესხმება, თუ ისინი ისრაელის დარტყმების შეჩერებას ვერ მოახერხებენ. თემაზე THE TIMES OF ISRAEL საუბრობს.
„რეგიონში თქვენი ბაზები და გემები სამიზნედ იქცევა, თუ თეირანზე ისრაელის თავდასხმებს არ შეაჩერებთ“, - იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია.
ირანი ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მასიურ დაბომბვას 13 ივნისიდან მოყოლებული ახორციელებს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე შეტევა იმ მოტივით დაიწყო, რომ ისლამური რესპუბლიკისგან ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილება იყო საჭირო.
ირანული რაკეტებისა და დრონების უმეტესობის განეიტრალება ისრაელის საჰაერო ძალებმა შეძლეს, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა მაინც მოახერხა მშვიდობიან მოსახლეობამდე მიღწევა.
მსხვერპლი მოჰყვა ბათ-იამის დაბომბვას და ამ ეტაპზე ვრცელდება, რომ 13 ადამიანია დაღუპული.
ცნობისთვის, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ირანს, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების გამართვა, უკვე, შესთავაზეს.
„გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან ირანთან, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გამართონ მოლაპარაკებები, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მისი თქმით, „ირანი ამერიკისგან ამ დრომდე უნახავი ძალის დემონსტრირებას მიიღებს, თუ რაიმე ფორმით თავს დაესხმება ამერიკას“.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ურყევად უჭერს მხარს ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევას და ფაქტს „შესანიშნავს“ უწოდებს, ასევე, ადასტურებს, რომ თავდასხმის შესახებ ამერიკა ინფორმირებული იყო. მიუხედავად ამისა, ტრამპი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი თავად არ მონაწილეობს მიმდინარე ოპერაციაში.