Loading data...
AP - დონალდ ტრამპმა უარყო ისრაელის გეგმა აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შესახებ

აშშ-ის ოფიციალური პირები Associated Press-თან ადასტურებენ, რომ დონალდ ტრამპმა უარყო ისრაელის გეგმა ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის შესახებ. 

როგორც მედია იუწყება, ისრაელმა ტრამპის ადმინისტრაციას აცნობა „სანდო გეგმის შესახებ“, რომელიც აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობას გულისხმობდა. 

ინფორმაციის მიღების შემდეგ, თეთრმა სახლმა ისრაელის ოფიციალურ პირებს ხაზგასმით განუცხადა, რომ ტრამპი ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯის გადადგმას.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს, ისრაელის სამხედრო ოპერაცია არ გადაიზარდოს კიდევ უფრო, ფართომასშტაბიან კონფლიქტში“, - აღნიშნავს ოფიციალური პირი, რომელიც ანონიმურ წყაროდ დარჩენას ამჯობინებს.

როგორც ჩანს, პრეზიდენტის უწყება ხამენეის მკვლელობის გეგმას მიიჩნევს ნაბიჯად, რომელიც კონფლიქტს გაამწვავებს და პოტენციურად, დესტაბილიზაციას მოახდენს რეგიონში.

Fox News Channel-თან ინტერვიუსას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ არ უპასუხა, უარყო თუ არა თეთრმა სახლმა ზემოთ ნახსენები გეგმა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა და გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. და ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის, რა არის უმჯობესი მათთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. 

ნეთანიაჰუს თქმითვე, რეჟიმის შეცვლა „რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს კონფლიქტის შედეგი“, რადგან „ირანში მოქმედი რეჟიმი ძალიან სუსტია“. 

მოვლენების პარალელურად, დონალდ ტრამპი კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის მონაწილეობას კონფლიქტში და სოციალურ ქსელში ამტკიცებს, რომ ორი სახელმწიფო „მალე მიაღწევს შეთანხმებას“

საწინააღმდეგოს აცხადებს ირანი, რომელიც ამერიკას ისრაელის საბრძოლო არსენალით მომარაგებაში ადანაშაულებს. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით კი, მას დიდი გამოცდილება აქვს კონფლიქტების დეესკალაციის და ის ისრაელსა და ირანს საომარი მოქმედებების შეწყვეტას აიძულებს. „ისევე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს ვაიძულე ამის გაკეთება“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.