გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს მოლაპარაკებებს სთავაზობენ

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობენ.
„გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან ირანთან, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გამართონ მოლაპარაკებები, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული.
გაცნობებთ, რომ ამჟამად ვადეფული ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი აღნიშნავს, რომ ის ცდილობს ხელი შეუწყოს ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მოგვარებას. „თეირანმა მანამდე ვერ გამოიყენა შესაძლებლობა კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად“, - აცხადებს ვადეფული. „ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ, შესაძლებელია“, - დასძენს მინისტრი.
„ეს, ასევე, წინაპირობაა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, რათა ირანი არ წარმოადგენდეს საფრთხეს რეგიონისთვის - ისრაელის სახელმწიფოსთვის ან ევროპისთვის. იმედი მაქვს, მოლაპარაკებების შესახებ შეთავაზება მიღებული იქნება, ირანის მხრიდან“, - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.