Loading data...
ღაზას სექტორში, საკვების განაწილების პუნქტთან, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა - The Guardian

ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე, ღაზას სექტორში მდგომარეობა გაუარესდა. დღეს, 15 ივნისს ტერიტორიაზე საკვების განაწილების პუნქტთან სროლას, სულ მცირე, 8 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილად ცხადდება ათობით პირი. თემაზე The Guardian გვიამბობს. 

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის განცხადებით, ღაზა ირანისთვის საომარი ოპერაციების „მეორეხარისხოვანი თეატრია“, პალესტინელების ცნობით, ძალადობა გრძელდება, მათ შორის, ცეცხლის გახსნა აშშ-ისა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი დახმარების განაწილების პუნქტების გარშემო და არსებობს საშიშროება, რომ გლობალური ყურადღება ღაზას სექტორიდან ირანისკენ გადადის. 

„იყვნენ დაჭრილები, დაღუპულები და ნაწამები პირები“, - განუცხადა აჰმედ ალ-მასრიმ Associated Press-ს, როდესაც პუნქტიდან ხელცარიელი დაბრუნდა. „ეს ხაფანგია“. 

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, უბანში დახმარების პუნქტისკენ მიმავალ ადამიანებს დაახლოებით, დილის 4:30 საათზე შეუერთდა. სროლა მალევე დაიწყო და გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის და საგანგებო დახმარების კოორდინატორის ტომ ფლეტჩერის განცხადებას მოჰყვა. 

მისი თქმით, „შიმშილს არასდროს უნდა უპასუხო ტყვიებით“. „ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლებს საშუალება უნდა მიეცეთ, შეასრულონ საკუთარი საქმე და მიაღწიონ გაჭირვებულ ადამიანებამდე, ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად“. 

აღსანიშნავია, რომ საკვებ პუნქტთან ახლოს სროლა, თითქმის, ყოველდღიურ ხასიათს იძენს მას შემდეგ, რაც ობიექტი გაიხსნა. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა არაერთხელ ისროლეს ადამიანების მიმართულებით. როგორც ისრაელი ამტკიცებს, ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო ეჭვმიტანილების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მათ უახლოვდებოდნენ და არა - საკვებ პუნქტს. 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების[ისრაელისა და ირანის კონფლიქტი] პარალელურად, პალესტინაში მოსახლეობის შფოთვის მაჩვენებელი იზრდება, რადგან ისინი შიშობენ, რომ მათი გასაჭირი დავიწყებას მიეცემა. „დახმარებით დატვირთული მანქანების რაოდენობა მცირდება, მშვიდობიანი მოქალაქეები ახლა უფრო დიდი საფრთხის წინაშე არიან, ვიდრე მანამდე. ამ ხოცვა-ჟლეტვაზე აღარავინ საუბრობს“, - აცხადებს მუჰამედ ზუჰაირა, ბეით ლაჰიას რაიონის მცხოვრები. 

„მსოფლიოს ყურადღების გადატანა ირანთან დაკავშირებულ მოვლენებზე, კატასტროფაა ღაზას მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ამჟამინდელი შიმშილობის ფონზე“, - დასძენს ის. 

„მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი დაიწყო, სიტუაცია უფრო გამწვავდა. ჩვენ ველოდით, რომ ღაზაზე ზეწოლა შემცირდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა და ვითარება გაუარესდა. არავინ საუბრობს ამაზე - ყველა სიახლე ირანში მიმდინარე მოვლენებზეა“, - აღნიშნავს ზუჰაირა. 

ექსპერტები და ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები ამბობენ, რომ ისრაელის მრავალთვიანმა ბლოკადამ ფართომასშტაბიანი შიმშილობა გამოიწვია, ახალმა სამხედრო ოპერაციამ კი, შიმშილობის რისკი, კიდევ უფრო, გაზარდა. 

ცნობისთვის, მშვიდობიანი პალესტინელების დახმარების სისტემა მაისში ამოქმედდა და ისრაელმა დაწესებული სრული ბლოკადა ნაწილობრივ შეამსუბუქა. მიუხედავად ამისა, პროცესი ძალადობისა და სროლის ფონზე მიმდინარეობს. 

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო კამპანიამ 55 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა.