ირანი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური მოინახულა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაილ ბაგაის განცხადებით, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ ცოტა ხნის წინ ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგური შეამოწმა.
მისი თქმით, გაეროს ბირთვული დამკვირვებელი სააგენტო ვერ ასრულებს საკუთარ სამართლებრივ ვალდებულებებს, რადგან სათანადოდ არ აფასებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებში დამნაშავე მხარეების პასუხისმგებლობას.
„ვენაში ირანის წარმომადგენლობასა და სააგენტოს შორის პროფესიული კომუნიკაცია გრძელდება. ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ბოლოდროინდელი ინსპექტირება იმის დასტურია, რომ ეს რეგულირებადი თანამშრომლობა გრძელდება“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.
აშშ-სთან დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის მცდელობებზე საუბრისას, ბაგაი კიდევ ერთხელ ადასტურებს ირანის პოზიციას, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად ირანის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
„თეირანი მხოლოდ ისეთ შეთანხმებას მოაწერს ხელს და შეასრულებს, რომელიც სრულად დაიცავს ირანელი ერის ეროვნულ ინტერესებსა და სამართლებრივ უფლებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ბაგაი დადებითად აფასებს პაკისტანისა და კატარის შუამავლობას და აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაიაზრებს ვაშინგტონი საკუთარი საზოგადოების განწყობებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაზე საპასუხოდ, რომ ირანის მოთხოვნები „აღმაშფოთებელი და სასაცილოა“, ბაგაიმ განაცხადა, რომ „მოლაპარაკებების შუაგულში აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმაა აღმაშფოთებელი და სასაცილო“.
ის, ასევე, ამტკიცებს, რომ ისრაელი აშშ-ს ომში ითრევს და აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ ისრაელის პოლიტიკისა და ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას ამერიკული საზოგადოებისა და ქვეყნის მმართველი წრეებისთვის მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
„აშშ-მა უნდა გააცნობიეროს, რა საფრთხეებს უქმნის ქვეყანას იმ რეჟიმის მიზნებში მონაწილეობა, რომელსაც ის გენოციდში ადანაშაულებს და ომების წაქეზების პოლიტიკას ატარებს“, - აღნიშნავს ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი.