ტრამპი: უკრაინა ომის შემდეგ ცოტა სხვა ფორმის იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინა „ცოტა სხვა ფორმის იქნება“. ამის შესახებ ტრამპმა CBS News-ის ეთერში განაცხადა.
„უკრაინას ჩვენს მიერ მიწოდებული, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იარაღი აქვს. ბაიდენმა მათ 350 მლრდ დოლარი ნაღდი ფულის სახით და იარაღი მიაწოდა, სანაცვლოდ კი არაფერი მიუღია. მე კი მათ უფასოდ არაფერს ვაძლევ. მე ვაძლევ ევროპას და ის იხდის ფულს. ევროპას აქვს ფული. ევროპა ბაიდენსაც გადაუხდიდა, მაგრამ არავის უთხოვია მისთვის ფული. და უკრაინას ბევრი იარაღი მივაწოდეთ, რომელსაც ის ახლაც იყენებს. თუმცა იარაღის გამოყენებას ცოდნა და სიმამაცეც სჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, ელოდება თუ არა ტრამპი, რომ ყველაფერი იმით დასრულდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი და თავისუფალი იქნება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, რომ ამას შევძლებთ. ეს მოხდება და ყველაფერი იმით დასრულდება, რომ უკრაინა ომის შემდეგ ოდნავ სხვა ფორმის იქნება“.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ომი მალე დასრულდება და ამაში მისი დამსახურება იქნება.
„მე ვფიქრობ, რომ ომი დასრულდება და დასრულდება მალე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის დასრულდება, ვარ მე, რადგანაც პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის სძულთ ერთმანეთის. მე კი ორივესთან საერთო ენის გამონახვა შემიძლია“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ ამ სიძულვილს, ყოველ შემთხვევაში, ზელენსკის მხრიდან, აქვს მიზეზი, რადგანაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ტრამპმა განაცხადა: „დიახ, ეს ასეა, მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, რუსეთის მიმართა დიდი უპატივცემულობა იყო გამოჩენილი“.
ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ ის რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი 2022 წელს, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა.