Loading data...
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ რადარის ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის „აშკარა დარღვევაა“

ირანმა მკაცრად დაგმო აშშ-ის მიერ სამხრეთ ირანში რადარებსა და სანაპირო სათვალთვალო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები და თავდასხმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „აშკარა დარღვევად“ შეაფასა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმების სამიზნე სირიკსა და ქეშმის კუნძულზე მდებარე ობიექტები იყო, რომლებიც „ქვეყნის საზღვრების დაცვასა და საერთაშორისო წყლებში ნავიგაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მიმართულებით დრონების გაშვების შემდეგ „შემდგომი საზღვაო თავდასხმებისგან თავის დასაცავად“ ტერიტორიაზე სათვალთვალო რადარის ობიექტები დაბომბეს.

„სამინისტრომ თავდასხმა შეაფასა, როგორც 8 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა და სამხედრო აგრესიის აქტი ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბოლოდროინდელი დარტყმები მიანიშნებს, რომ ვაშინგტონს „არ აქვს დაძაბულობის შემცირების სურვილი“ და რომ იერიშები წარმოადგენს „ირანის მიმართ აშშ-ის მტრული და პროვოკაციული ქცევის უფრო ფართო ნიმუშის“ ნაწილს, განაცხადა ირანის საგარეო უწყებამ. 

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ის დარტყმებს „ფხიზლად, გადამწყვეტად და პროპორციულად“ უპასუხეს.