სომხეთში 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ტარდება
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ ეროვნული კრების შემადგენლობა უნდა აირჩიოს. წინასწარი კვლევების მიხედვით, არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს, მაგრამ ექსპერტები ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კვლევებში მონაწილეთა შორის მხოლოდ 16%-მა უპასუხა შეკითხვას, თუ რომელ პარტიას აძლევს ხმას. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის არჩევნების წინ. მაშინ ამ შეკითხვას რესპონდენტთა 37%-მა გასცა პასუხი. ამომრჩეველთა უმეტესობამ სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც საბოლოო სურათის პროგნოზირების შესაძლებლობას ართულებს. ამასთანავე, გამოკითხულთა 92%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ლიდერობს ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელსაც ამომრჩეველთა 32% უჭერს მხარს. შემდეგ მოდის პარტია „ძლიერი სომხეთი“, რომლის ლიდერია მილიარდერი სამველ კარაპეტიანი (7%) და ბლოკი „სომხეთი“, რომლის ლიდერია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი (4%). მომდევნო ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ (2%). მისი ლიდერია ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.
დანარჩენი ხუთი პოლიტიკური ძალის რეიტინგი 1-2%-ის ფარგლებშია, თუმცა მთავარი ინტრიგა სხვა რამეშია - რესპონდენტთა 43%-ს თავისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა არ დაუსახელებია.
სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებიც ერთნაირი არ არის. ასე, მაგალითად, ზოგიერთი სოციოლოგის ინფორმაციით, ფაშინიანის პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა 26-დან 34%-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენტებისგან ჩამორჩენა ნაკლებია სხვა სოციოლოგიურ კვლევებთან შედარებით.