გრენლანდიაში ტრამპის წარმომადგენელი: დანიის ტერიტორიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ირანთან კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსების ფასების შემცირებაში
ლუიზიანას გუბერნატორმა ჯეფ ლენდრიმ (რესპუბლიკელი), რომელიც, ასევე, გრენლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს განაცხადა, რომ დანიის ტერიტორიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ირანთან კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსების ფასების შემცირებაში. წერს The Hill.
Fox News-ის წამყვანმა ჯეფ ლენდრის ჰკითხა იმ „აუთვისებელ რესურსებზე“, რომლითაც ტრამპის ადმინისტრაციაა დაინტერესებული კუნძულზე. თავად ტრამპი დიდი ხანია ამბობს, რომ გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან შეერთება სურს.
„გრენლანდიას ახლა შეუძლია დღეში 2 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს. რამდენად შეამსუბუქებდა ეს სიტუაციას ჰორმუზის სრუტეში“, - აღნიშნა მან.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ენერგობაზრის ერთ-ერთი მთავარი ნავთობის დერეფანია - ჩვეულებრივ პირობებში მსოფლიოს ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ამ გზით გადაადგილდება ყოველდღიურად. ირანთან ომის დროს, ირანის საპასუხო დარტყმებისა და მოგვიანებით აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გამო, სრუტე ფაქტობრივად დახურულია. ამის ფონზე მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასებიც.
ლენდრის თქმით, გრენლანდიაში ნავთობის წარმოება, შესაძლოა, „დაახლოებით 10 თვეში“ აღდგეს.
„ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, ვინც რეალურად ზრუნავს იმაზე, რომ რაღაც გააკეთოს და გრენლანდია მსოფლიო რუკაზე მოაქციოს“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, გუბერნატორი დანიის ტერიტორიაზე სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ტრამპმა უთხრა: „წადი იქ და ბევრი მეგობარი გაიჩინე.“ თუმცა ვიზიტი ოფიციალური მოწვევის გარეშე გაიმართა და მის ჩასვლას გრენლანდიის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ ცივი დამოკიდებულება მოჰყვა.