„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ“ - ტუსკი თეთრ სახლში მომხდარ დავას გამოეხმაურა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტი ჩაიშალა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან დავის გამო. ამის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
დონალდ ტუსკმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებზე დამატებითი მითითების გარეშე, მაგრამ აშკარაა, რომ მისი გზავნილი ვაშინგტონში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ეხება.
„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან კამერების წინ კამათი მოუვიდა.
ტრამპი ზელენსკისთან სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“.
უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი ადრე დატოვა. ტრამპთან მისი ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა. მომხდარს თავად ზელენსკიც გამოეხმაურა.
„მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.