ზელენსკის ტრამპთან და ვენსთან კამათი მოუვიდა - უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი 2014 წლის შემდეგ არავის შეუწყვეტია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს შორის ოვალურ კაბინეტში საუბრის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრისას ვენსმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
„ოთხი წლის განმავლობაში გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც იდგა პრესკონფერენციებზე და საუბრობდა პუტინზე. პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ქვეყნის უმეტესი ნაწილი გაანადგურა“, - თქვა ვენსმა.
მან დასძინა, რომ ბაიდენი „მკერდზე ხელს ირტყამდა“ და „წარმოაჩენდა, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვა მის ქმედებებზე მეტს იწონის“. მაგრამ ახლა ტრამპი აჩვენებს „რეალურ საქმეს“ ომის დასასრულებლად.
ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, რა დიპლომატიას შეუძლია დაეხმაროს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც რუსებმა არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები. ომი კი 2014 წლიდან მიმდინარეობს, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებაში ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი იყვნენ.
„შეთანხმებას 2019 წელს მოვაწერე ხელი. [საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ] მაკრონმა და [გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა] მერკელმა დაადასტურეს ცეცხლის შეწყვეტა. ყველამ დამარწმუნა, რომ წინ აღარავინ წავიდოდა. ჩვენ გავაფორმეთ გაზის კონტრაქტი. მან [პუტინმა] დაარღვია ჩვენი შეთანხმება, არ გაცვალა ტყვეები. რა დიპლომატიას შეუძლია აქ დაგვეხმაროს?“ - იკითხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამის შემდეგ ვენსმა საუბარი დაიწყო იმაზე, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის საკმარისი ხალხი არ ჰყავს და ქვეყანას თითქოსდა „არ შეუძლია ხალხის ჯარში გადაბირება“.
საუბარში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩაერია. ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას „ხელში სწორი კარტი“ არ ჰქონდა.
„მილიონობით ადამიანი რისკის ქვეშაა. ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ. თქვენ არ შეგიძლიათ ამით თამაში. თქვენ უპატივცემულობას ავლენთ ჩვენი ქვეყნის მიმართ და არ შეგიძლიათ გვითხრათ, რა უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ტრამპმა ამაღლებული ხმით.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია და რომ არა ეს დახმარება, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდებოდა.
„ეს უკვე გავიგე პუტინისგან“, - უპასუხა ზელენსკიმ ამერიკელ ლიდერს.
ტრამპმა საპასუხოდ ზელენსკის მოუწოდა, მადლიერი ყოფილიყო გაწეული დახმარებისთვის.
„ჯარისკაცები გეწურებათ და გვეუბნებით: „არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა...“ - განაგრძო აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, თუ ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების შესაძლებლობა ექნება, ის უნდა გამოიყენოს.