Loading data...
დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეამცირეს

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოთხოვნით აშშ-თან მისი ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები ექვსი დღით შემცირდება. ამის შესახებ BBC წერს. 

სეულმა განაცხადა, რომ 2026 წლის „ულჩის თავისუფლების ფარის“ წვრთნების ხანგრძლივობა და მასშტაბი „ამერიკული მხარის წინადადების“ საპასუხოდ შეიცვალა.

წვრთნები ახლა 21 აგვისტოს დასრულდება და არა 27 აგვისტოს, როგორც დაგეგმილი იყო.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ წვრთნების საველე ნაწილის მასშტაბები „ნაწილობრივ შემცირდება“, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ განიხილება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან წვრთნების შემცირების მიზეზად ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობები“ დაასახელა. 

„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება და ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს (როგორც ყოველთვის!), არამედ სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელიც, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, საფრთხეს არ წარმოადგენს და პატივისცემით მოქმედებს“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.