Loading data...
ჩრდილოეთ კორეამ შვეიცარიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის 48 საათის განმავლობაში დატოვება დაავალა

ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, ფხენიანში შვეიცარიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გააძევოს და მას 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება დაავალა. ამის შესახებ Reuters წერს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი პასუხია შვეიცარიის გადაწყვეტილებაზე, ჩრდილოეთ კორეის „სონგდოვონის“ საერთაშორისო საბავშვო ბანაკისთვის სანქციები დაეწესებინა. ფხენიანმა ამ ნაბიჯს ქვეყნის წინააღმდეგ ღიად მტრული ქმედება უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი სილვენ ასტიე დაიბარა და მას მემორანდუმი გადასცა მოწოდებით, დაიხუროს დიპლომატიური მისია, რომელმაც ფუნქციონირება ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ განაახლა.

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მოუწოდა მას, 48 საათის განმავლობაში ქვეყანა დატოვოს“, - იტყობინება KCNA.

„ჩვენთვის მიუღებელია ჩრდილოეთ კორეის სუვერენული უფლებებისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დარღვევის ნებისმიერი აქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა შვეიცარია სანქციების სიაში საბავშვო ბანაკის შეტანის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან ბავშვების გადაყვანაში მონაწილეობდა და განაცხადა, რომ ფხენიანში დიპლომატიური მისიის დახურვას განიხილავდა.

ფხენიანმა განაცხადა, რომ სანქციები ჩრდილოეთ კორეას ართმევს შესაძლებლობას, ყველა ბავშვს კულტურისა და დასვენების პირობები შეუქმნას და „წარუშლელ ლაქას“ ტოვებს მის საერთაშორისო რეპუტაციაზე — როგორც ქვეყნისა, რომელიც ჰუმანიტარულ ღირებულებებს ხელს უწყობს.

შვეიცარიის ფედერალურმა საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა პასუხად განაცხადა, რომ მისი სანქციების პოლიტიკას არ აქვს კავშირი დიპლომატიური მისიის მუშაობის განახლებასთან, რომელიც „ჩვენი უნივერსალისტური საგარეო პოლიტიკის შესაბამისად“ გაიხსნა.

„მისი მიზანია დიალოგის არხების შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება გვაქვს“, - ნათქვამია შვეიცარიული მხარის განცხადებაში.