ჩრდილოეთ კორეა ფხენიანში შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვის საკითხს განიხილავს
ჩრდილოეთ კორეამ შვეიცარია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ჩრდილოეთ კორეულ საბავშვო ბანაკს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან ბავშვების გადაყვანის გამო სანქციები დაუწესა. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ფხენიანში შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Reuters ჩრდილოკორეულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ კიმ იო ჯონგმა განაცხადა, რომ შვეიცარიის მიერ დაწესებული სანქციები ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა და ფხენიანის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, გასულ კვირას შვეიცარიამ სანქციების სიაში შეიყვანა ჩრდილოეთ კორეის „სონგდოვონის“ საერთაშორისო საბავშვო ბანაკი — რუსეთთან დაკავშირებულ ჯგუფებთან თანამშრომლობისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან ბავშვების გადაყვანაში მონაწილეობის გამო.
კიმ იო ჯონგმა განცხადებაში აღნიშნა, რომ სანქციები ჩრდილოეთ კორეას ართმევს შესაძლებლობას, ყველა ბავშვს კულტურისა და დასვენების პირობები შეუქმნას და „წარუშლელ ლაქას“ ტოვებს მის საერთაშორისო რეპუტაციაზე — როგორც ქვეყნისა, რომელიც ჰუმანიტარულ ღირებულებებს ხელს უწყობს.
„მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ყოვლისმომცველად გადაიხედოს ურთიერთობები არასაიმედო შვეიცარიასთან, რომლის საქმეებიც მის სიტყვებს არ ემთხვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვურჩევ, უახლოეს დღეებში მკაცრად განიხილოს ფხენიანიდან შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაყვანის საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომა“, — ციტირებს კიმის სიტყვებს სააგენტო KCNA.
როგორც Reuters იხსენებს, ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. მხარეები დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შვეიცარიამ ფხენიანში დიპლომატიური წარმომადგენლობა ცოტა ხნის წინ გახსნა.
2023 წლიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააღრმავა. არსებობს ვარაუდი, რომ მან მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად იარაღი და სამხედრო ძალები გაუგზავნა — იმ ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც მხარეთა ლიდერებმა 2024 წელს მოაწერეს ხელი.