Bloomberg: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს
სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებისა და ევროპის ლიდერები მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება და მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ პერიოდით უნდა გაახანგრძლივონ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ქვეყნების ლიდერები ენერგომომარაგების აღსადგენად ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვენ და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ თუ ეს მომავალ თვემდე არ მოხდება, შესაძლოა, გლობალური სასურსათო კრიზისი დაიწყოს.
წყაროების ცნობით, თუ ომი გაგრძელდება, ენერგორესურსების ფასები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
სპარსეთის ყურის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს და ეს პოზიცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ქვეყნის დაბომბვის შემდეგ არ შეცვლილა, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
მათივე თქმით, რეგიონის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ ირანს ურანის გამდიდრება, ან შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების ფლობა უნდა აუკრძალოს.
თუმცა, წყაროების ცნობით, სპარსეთის ყურის ლიდერები დიდწილად ეწინააღმდეგებიან საბრძოლო მოქმედებების განახლებას და სურთ, რომ აშშ-მა ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებები განაგრძოს.
Bloomberg-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი და თეირანი ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებას განიხილავენ, რათა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებისთვის მეტი დრო ჰქონდეთ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა 21 აპრილს იწურება.