Axios: ტრამპი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებიდან გასვლას ფიქრობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევიდან უკან დახევას, ვიდრე ერთი ან ორივე მხარე მეტ მოქნილობას არ გამოიჩენს, - ამის შესახებ Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
„უბრალოდ დავსხდებით და დავაკვირდებით. კიდევ ცოტა ხანს იბრძოლონ და ვნახოთ, რა გამოვა“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი ევროპელ ლიდერებს მთავარ დაბრკოლებად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მათთან და ზელენსკისთან ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ მეგობრული შეხვედრა გამართა.
Axios-ის ცნობით, თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი საჯაროდ უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობას, დაასრულოს უკრაინაში ომი, ამავდროულად კი ჩუმად, კულისებში ცდილობს ალასკაში მიღწეული პროგრესის შეცვლას.
„ევროპელებს არ შეუძლიათ, აჭიანურონ ომი და კულისებში მხარს უჭერდნენ დაუსაბუთებელ მოლოდინებს, ამავდროულად, იმედი ჰქონდეთ, რომ ამერიკა დაფარავს ხარჯებს. ევროპას თუ სურს ამ ომის ესკალაცია, ეს მისი საქმეა, თუმცა ის უიმედოდ განიცდის მარცხს, გამარჯვების ნაცვლად“, - დასძენს ერთ-ერთი წყარო.