Loading data...
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ბირთვული ზედამხედველობის ორგანომ ირანის „პიკაქსის მთაზე“ აქტივობა დააფიქსირა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოცემა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ირანში, „პიკაქსის მთაზე“ სამშენებლო აქტივობა დააფიქსირა. დასავლური დაზვერვა მიიჩნევს, რომ ამ ადგილს ირანი, სავარაუდოდ, ბირთვული მასალის შესანახად იყენებს. 

„არსებობს გარკვეული მინიშნებები იმისა, რომ ამ სამშენებლო ობიექტის ირგვლივ გადაადგილება შეინიშნება. ჩვენ არ ვფლობთ არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას იმ საქმიანობის შესახებ, რაც შესაძლოა, იქ მიმდინარეობდეს“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.

გროსის თქმით, გაეროს ბირთვული ენერგიის ზედამხედველობის ორგანოს ნათანზში მდებარე მიწისქვეშა კომპლექსში ინსპექტორები არ გაუგზავნია, თუმცა თანამგზავრულ მასალებს ეყრდნობა.

„მათ მაშინ თქვეს: „ყველაფერს გვირაბებში, მთაში განვათავსებთ. ის შეუღწევადი და თავდასხმებისგან დაცული უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა გროსიმ.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა 2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს, ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს დარტყმების შედეგად დაზიანებულ ბირთვულ ობიექტებზე წვდომის უფლება არ მისცა. ივნისის დაბომბვის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ასევე არ შეუძლია, გადაამოწმოს ირანის იარაღისთვის ვარგისი ურანის მარაგის სტატუსი.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, „პიკაქსის მთას“ დაარტყას და თეირანს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ „პიკაქსთან“ მცირე აქტივობაა. ირანს ვურჩევდი, არ მოიქცეს პროვოკაციულად, რადგან მოგვიწევს, მათ ძალიან ძლიერად დავარტყათ“, - განაცხადა ტრამპმა რესპუბლიკელების შუალედურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.