აშშ B-2 ბომბდამშენებს წყნარი ოკეანისკენ გადააადგილებს - CNN

„20 ივნისის ღამით, მისურის შტატში მდებარე უაითმენის საჰაერო ძალების ბაზიდან რამდენიმე B-2 ბომბდამშენი აფრინდა და როგორც ჩანს, წყნარი ოკეანის დასავლეთით, გუამისკენ მიემართება“, - წერს CNN იმის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანზე თავდასხმას არ გამორიცხავს.
ამერიკის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ყოფილა ბრძანება გაცემული, თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ B-2-ის გამოყენებით, რაიმე სახის ოპერაციის განხორციელების შესახებ.
დღევანდელი მონაცემით, თვითმფრინავები წყნარი ოკეანის თავზე დაფრინავენ და როგორც მედია ვარაუდობს, გეზი გუამისკენ აქვთ აღებული.
ინფორმაციის პარალელურად, აშშ-ის თავდაცვის ძალების ორი წარმომადგენელი ამბობს, რომ B-2-ის ნებისმიერი გადაადგილება არ მიუთითებს სავარაუდო ოპერაციის გარდაუვალობას, არამედ მიზნად ისახავს, პრეზიდენტ ტრამპს მიაწოდოს სხვადასხვა ვერსია, საბრძოლო ტაქტიკის ასარჩევად.
სამხედროები, ასევე, ეჭვობენ, რომ ბომბდამშენების გადაადგილება, შესაძლოა უბრალოდ, ძალების დემონსტრირება იყოს ამერიკის მხრიდან იმის ფონზე, რომ დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმას არ გამორიცხავს.
როგორც მედიაში ვრცელდება, B-2 ბომბდამშენი ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც შეუძლია ირანის მიწისქვეშა ფორდოს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა. ირკვევა, რომ თითოეულ B-2 ბომბდამშენს საშუალება აქვს, ორი მსგავსი ობიექტის ასაფეთქებელი ბომბი ატაროს.
მედიის წარმომადგენლების საფუძვლიან ეჭვს ის ფაქტი იწვევს, რომ B-2 ბომბდამშენების გადაადგილება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ემთხვევა, რომლის მიხედვითაც მან ირანს ორკვირიანი ვადა მისცა, თუმცა აღნიშნა, რომ „თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილება შეუძლია უფრო ადრეც მიიღოს“.