Loading data...
არაღჩი: ირანი „ყველა ასპექტს ითვალისწინებს“ და „გადაწყვეტს, როგორ გააგრძელოს მოქმედება“

ირანი „ყველა ასპექტს ითვალისწინებს“ და „გადაწყვეტს, თუ როგორ გააგრძელოს მოქმედება“, - განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თავის პაკისტანელ კოლეგას იშაქ დარს აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე სატელეფონო საუბრისას, იუწყება CNN-ი ირანის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით. 

განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის პაკისტანის მიმართ მადლიერება კვლავ გამოხატა. თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პროვოკაციული ქმედებები“ და შეერთებული შტატების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები დიპლომატიის გაგრძელების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ირანის საგარეო უწყების ცნობით, არაღჩიმ საუბრისას ახსენა აშშ-ის „მუქარა და აგრესია ირანის კომერციული გემების წინააღმდეგ“, ასევე ის, რასაც სამინისტრო ირანის მიმართ წინააღმდეგობრივ პოზიციებსა და მუქარის შემცველ რიტორიკას უწოდებს.

ამავე ცნობით, ორმა მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით კონსულტაციების გაგრძელებას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ვაშინგტონის დროით ოთხშაბათ საღამოს“ დასრულდება და „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ის გახანგრძლივდეს, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.