Loading data...
აქცია ლონდონში - პროპალესტინური ჯგუფი სტარმერს აკრიტიკებს

„ანტისემიტური თავდასხმების პროპალესტინურ მსვლელობებთან დაკავშირება არასწორია“, - აცხადებს კოალიცია „შეაჩერე ომი“. ინფორმაციაზე BBC წერს. 

როგორც აღმოჩნდა, ჯგუფის წევრები დიდი ბრიტანეთის პრემიერის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, კირ სტარმერმა 29 აპრილს მომხდარი შემთხვევა - ლონდონის ჩრდილოეთით ორი ებრაელი მამაკაცის დანით დაჭრა, პროპალესტინელების მიერ გამართულ ხშირ მსვლელობებს და იმ ბანერებს დაუკავშირა, რომლებიც მათ ხელში ეჭირათ. 

„ის განცხადებები, რასაც ჩვენი კოალიცია მმართველი პირებისგან ისმენს, სრულიად მიუღებელია“, - აცხადებენ ჯგუფის წევრები. მათი თქმით, ლონდონის ჩრდილოეთით ანტისემიტური თავდასხმების სერიის გახშირება მათ მიერ გამართულ მსვლელობებს „ოდნავადაც არ უკავშირდება“.

„ჩვენ ცალსახად ვგმობთ ანტისემიტიზმს და მათ შორის, რასიზმის ყველა ფორმას“, - აღნიშნავს კოალიცია „შეაჩერე ომის“ თანადამფუძნებელი ჯონ რისი.

მისივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა დიდი ხანია აძლიერებს შუღლს და ზიზღს საკუთარ მოქალაქეებს შორის. 

„პრემიერი ცდილობს ფაქტების ისე წარმოჩენას, თითქოს პალესტინელი მომიტინგეები საფრთხეს წარმოადგენენ ებრაული საზოგადოებისთვის. რეალურად, ეს განცხადებები საფუძველს მოკლებული“, - ამბობს რისი.

ცნობისთვის, მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა BBC-ის განუცხადა, რომ პროპალესტინური დემონსტრაციების დროს, „ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებულმა დანაშაულების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა“.