ისრაელის მოსაზრებით, ტრამპი „იმოქმედებს“, თუ ირანი არ დანებდება - THE TIMES OF ISRAEL

ისრაელის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კონფლიქტში ჩაერთვება, თუ თეირანი დანებების შესახებ არ გამოაცხადებს. თემაზე THE TIMES OF ISRAEL საუბრობს. მტკიცების საფუძველს მათ დონალდ ტრამპის ნათქვამი აძლევს, რომ ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„აშშ-ის პრეზიდენტმა „ორმხრივად მოგებიანი“ სიტუაცია შექმნა“, - აცხადებენ ისრაელის ოფიციალური პირები და დასძენენ, რომ „ირანს ორკვირიანი შესაძლებლობა მიეცა, რომელსაც თეირანი არ იყენებს“. ისრაელის აზრით, ტრამპი საბრძოლო მოქმედებაში აუცილებლად ჩაერთვება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია კონფლიქტის შესაძლო განვითარების შესახებაც. „ორმხრივი იერიშები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, სანამ „სტრატეგიული შეფასების“ კონსულტაცია არ ჩატარდება, შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით. „გადაწყვეტილებებზე გავლენას, დიდი ალბათობით, ამერიკის პოზიცია მოახდენს“, - წერს THE TIMES OF ISRAEL.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, ისპაანის ბირთვული ობიექტი დღეს, სრულად, განადგურდა. დაზიანებულია ნეთენზის ბირთვული ობიექტიც. ძირითადი სამიზნეებიდან, მხოლოდ, ფორდოს ბირთვული ობიექტი რჩება.
„საბოლოო ჯამში, ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაღა რჩება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ისრაელის განცხადებით, მათი მოქმედების მიზანი თეირანის სამხედრო ძალების განადგურება არაა და მთავარია, ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე“, - ნათქვამია მედიაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ ცდილობს თეირანში რეჟიმის შეცვლას. „სწორ გამოსავალს ჩვენ ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების თავიდან აცილებაში ვხედავთ. აქ, უკვე, აშშ-ის პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საბოლოო შედეგი და კონფლიქტის შესაძლო განვითარება, მთლიანად, დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული“, - ამბობენ ისრაელელი ოფიციალური პირები.