იულია ნავალნაია იმ დონის ფიგურა არაა, რუსეთში რევოლუციური პროცესები გამოიწვიოს - ვინ დაამხობს პუტინს არეშიძის აზრით?
ციმბირის კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთში რევოლუციურ პროცესებს ვერ გამოიწვევს, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე საზღვარგარეთაა გასული და ქვეყნის შიგნით დარჩენილები საპროტესტო ამინდს ვერ შექმნიან. მით უმეტეს, ამას ვერ შეძლებს ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია, თუმცა რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ხელისუფლებას ძირი იმ შემთხვევაში გამოეთხრება, თუკი უკრაინასთან ომში დამარცხდება და მისიანებივე დაამხობენ - ასე ფიქრობს ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი "სიკვდილამდე მიიყვანეს" .
როგორც ცნობილია, რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში, "ბორისოვის სასაფლაოზე" დღეს დაკრძალეს. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ნავალნი დასვენებული იყო, შემდეგ კი უკვე "ბორისოვის სასაფლაოზე" ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. რუს სამართალდამცველებს კი მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებით ჰქონდათ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები.
Newshub.ge-მ რუსი ოპოზიციონერის დაკრძალვის დღისა და ზოგადად, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში არსებული განწყობების შესაფასებლად მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
-ალექსანდრე ნავალნის დაკრძალვის დღეს, მოსკოვში ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. კადრების ხილვა, თუ როგორ აცილებენ მოქალაქეები რუს ოპოზიციონერს უკანასკნელ გზაზე, ხომ არ აჩენს მოლოდინს, რომ რუსეთში შეიძლება რაიმე სახის საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს?
მამუკა არეშიძე: სამწუხაროდ, ამის არავითარი შანსი არ არის. დღეს, რუსული ოპოზიციური სპექტრი კონსოლიდირებული არ არის და გარდა ამისა, არ არიან ისეთი ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ ამ კონსოლიდირების მოხდენა. თუ ვინმე ლიდერი არსებობს, ის წასულია უკვე რუსეთიდან. ხოლო ადგილზე ვინც არიან, ისინი ამინდს ვერც შექმნიან კონსოლიდაციის თვალსაზრისით.
თორემ ისე, უარყოფითი განწყობები საკმაოდ მასიურად არსებობს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ორგანიზებულობის თვალსაზრისით, ძირითადად მოცულია დიდი ქალაქები, როგორიც არის: მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი და ზოგიერთი სხვა... მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის საწინააღმდეგოდ, საკმაოდ სერიოზულად არის ნამუშევარი ხელისუფლების მხრიდან და მათაც ჰყავთ ძალიან სერიოზული საყრდენი ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
-როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხალხში ოპოზიციური განწყობები შეიმჩნევა. თუ ხელისუფლება არჩევნების გზით არ თმობს ძალაუფლებას, ხოლო ოპოზიციური ლიდერები ქვეყანაში არ არსებობენ, რაშია გამოსავალი?
-ვიდრე სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, გამორიცხულია, რამე შეიცვალოს. თუ ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდა, მით უმეტეს, არ შეიცვლება. ხოლო თუ რუსეთის მარცხით ან დასუსტებით დასრულდა, მაშინ არის რაღაც შანსი. დანარჩენ შემთხვევაში, არც ერთი ვერსია არ შეიძლება არსებობდეს, რადგან აქ ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს.
თვითონ საზოგადოებაში მოახერხა ხელისუფლებამ ისეთი ნაპრალის გაჩენა, რომ საზოგადოების ორი მხარე ერთმანეთს სასტიკად არის დაპირისპირებული. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ არ არის საკუთარი აზრის გამოთქმის არანაირი შანსი - მედია იქნება ეს, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი - რუსეთში ახლა არ არსებობს.
-რას იტყვით ალექსანდრე ნავალნის ქვრივზე, იულია ნავალნაიაზე, რომელმაც განაცხადა, რომ ქმრის პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს?
-როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არ არის ნავალნის ცოლი იმ დონის ფიგურა, რომ შეძლოს ამ საქმის მოგვარება.
-რაც შეეხება ნავალნის ბუნებრივი სიკვდილის ვერსიას, რომელიც ასევე გაამყარა უკრაინულმა მხარემ, როდესაც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ნავალნის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა?
-საერთოდ, ბუდანოვს სჯობდა, რომ არაფერი ეთქვა. არ იყო საჭირო ამ ტიპის განცხადების გაკეთება. რა შედეგი უნდა მოეტანა ამას? რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, მე ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ მოკლულია.
უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის, მაგალითად, ნავალნი სიკვდილამდეა მიყვანილი. ციხეში ჯდომა, თავისთავად, სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არ არის, მაგრამ მანამდე ის ხომ მოწამლული იყო? ძლივს გადაარჩიეს ექიმებმა. გერმანიაში კარგა ხანი მკურნალობდა და იქიდან დაბრუნდა. რა გარანტიაა იმისა, რომ ვთქვათ, ორგანიზმი არ იყო დასუსტებული, ან ნარჩენი მოვლენების გააქტიურება არ მოხდა, ან რაიმე ამდაგვარი? ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია, რეჟიმმა მის მიმართ მიდგომით სიკვდილამდე მიიყვანა და მორჩა.
-როგორც აღნიშნეთ, რუსეთში ცვლილებების ერთადერთი ვარიანტი ომში მათი დამარცხებაა. დაახლოებით როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები შემდეგ, თუ ამ ვარიანტს მივყვებით?
-თუ ქვეყანა წავიდა მარცხისკენ, ხელისუფლების ყველაზე ძლიერი ოპონენტი არის ხელისუფლებაშივე. პირველ რიგში, ისინი არიან ყველაზე დიდი მტერი, თუ არ ჩავთლით საზღვარგარეთ მყოფებს, ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია.
თვითონ ხელისუფლების აგიტატორებზე რომ მკითხოთ, ესენი არიან ოლიგარქები და სახელმწიფოს ლიბერალურად განწყობილი წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. ასეთი ხალხი მართლაც არის და ისინი განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზე, მაგრამ მერე ამუშავდა სპეცსამსახურების „მანქანა“ და მაქსიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ მსგავსი საუბრები შეწყვეტილიყო და შეზღუდულიყო.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დასუსტდა ან დამარცხდა, მაშინ ძალიან რთული იქნება ამ მასის კონტროლი. ამ დამარცხებას ხელზე დაიხვევს მავანი და იტყვის, რომ აი, თქვენი ბრალია, რომ დავმარცხდით.
ასევე, არის ძალიან საინტერესო, ზომიერი ოპოზიცია - იქაური კონსერვატორები. ისინი მხარს უჭერენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ომში რუსეთის გამარჯვებას, მაგრამ მხარს არ უჭერენ დღევანდელ ხელისუფლებას, პუტინის გარდა ყველა დანარჩენს, რადგან თვლიან, რომ ეს არის ოლიგარქიულ-კორუფციული ხელისუფლება, რომელიც საბოლოო ჯამში, აუცილებლად დამარცხებამდე მიიყვანს რუსეთს არა მარტო ომში, არამედ საერთოდ, ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება, თუ მორალურით. ეს ოპოზიცია აუცილებლად ამოყოფს თავს რუსეთის დამარცხების შემთხვევაში.
-როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთში ოპოზიციაც მხარს უჭერს უკრაინაში ომს. ვიცით, რომ არც ალექსეი ნავალნი გამოირჩეოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით. როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთში პოლიტიკური პროცესები. რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის?
-რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა პრინციპში არ გვაქვს. მაგრამ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, ახალი სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, არ იგეგმება. მაგრამ ეს ხომ მუდმივად ძაფზე ჩამოკიდებულ მდგომარეობას ჰგავს?
-მოახდინა თუ არა რუსეთის ასეთ განწყობაზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ, თუ ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა, რომელზეც ვერავინ მოახდენდა გავლენას?
-არა, ეს მხოლოდ რუსეთის გადაწყვეტილება არ არის. ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაც არის - მაქსიმალურად თავშეკავებული მოქმედება რუსეთის მიმართ. მეზობელია, ბოლოს და ბოლოს, თან ცუდი მეზობელი. აქედან გამომდინარე, შენ იძულებული ხარ მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი აღარ მოქმედებს, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად რუსეთს ყველა საერთაშორისო დოკუმენტი ფეხებზე ჰკიდია და არც ერთის დარღვევა პრობლემად არ მიაჩნია, ამ დროს, მაქსიმალურად თავშეკავებულობაა საჭირო. ეს იმიტომ, რომ რაღაცნაირად ქვეყანამ შეძლოს ფეხზე დგომა. ამ ეტაპზე შედეგი ასეა, ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის, რადგან რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრებოდა, ამასაც არავინ ელოდა.
-და ბოლოს, როგორ შეაფასებთ ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნები ბირთვული ომის პროვოცირებას რისკავენ, თუ საკუთარ ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად გააგზავნიან?
-ბირთვულ თემაზე განცხადებები სჭირდება, რომ ზემოქმედება მოახდინონ არა იმდენად ხელისუფლებებზე, არამედ დასავლურ საზოგადოებებზე. მათი უმრავლესობისთვის ეს ომი უკვე მომაბეზრებელი და პრობლემების შემქმნელი გახდა ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით.
საერთო ჯამში ასეა - დემოკრატიის ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ საზოგადოებრივი აზრი როდესაც წარმათავს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს თავისთავად ძალიან კარგია, როდესაც პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე, მაგრამ მინუსებიც არსებობს ამ დროს. ერთ-ერთი მინუსია, რომ შენ იძულებული ხარ, არა მხოლოდ პოლიტიკაზე იზრუნო, არამედ იზრუნო იმაზე, თუ რას იტყვის შენზე საზოგადოება. ამიტომაც თქვა ჩერჩილმა თავის დროზე, რომ დემოკრატია სახელმწიფოს ყველაზე უარესი მართვის ფორმაა, მაგრამ სამწუხაროდ, კაცობრიობას ამაზე კარგი არაფერი მოუფიქრებიაო.
საერთოდ, დასავლელ პოლიტიკოსებს ახასიათებთ კონიუნქტურული მიდგომები და არათანმიმდევრულობა. შესაბამის შედეგებს ვხედავთ, რაც ხდება.