ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაკრძალეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.
სასაფლაოსთან მდებარე ღვთისმშობლის ხატის ტაძართან, სადაც ნავალნისთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა, დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული.
ეკლესიასთან დილიდან პოლიციის 40-მდე მანქანა იდგა. იქ რკინის ჯებირები დაამონტაჟეს და პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები მორიგეობდნენ. პოლიცია ეკლესიაში შესვლის წინ მოქალაქეებს საბუთებს უმოწმებდა.
ეკლესიის მახლობლად დააყენეს სპეციალური კავშირის ანძა, რომლითაც სპეცსამსახურები ერთმანეთს უკავშირდებიან. ასევე მისი მეშვეობით ინტერნეტის ჩახშობა ხდებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი 2023 წლის 16 თებერვალს კოლონიაში „პოლარული მგელი“ გარდაიცვალა. სამედიცინო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის „ბუნებრივი მიზეზებით“ გარდაიცვალა. ამ დოკუმენტს ხელი ნავალნის დედამაც მოაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ალექსეი ნავალნის ცხედარს არ ატანდნენ და კოლონიაში დაკრძალვით იმუქრებოდნენ.