„ვილიარეალის“ მწვრთნელი მიქაუტაძეზე: საუკეთესო მხარე ჯერ არ გვინახავს, მაგრამ აუცილებლად ნახავენ
„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, მიქაუტაძის საუკეთესო მხარე ჯერ გულშემატკივარს არ უნახავს, მაგრამ აუცილებლად ნახავენ.
„ყველა თავდამსხმელი მნიშვნელოვანია. ლა-ლიგაში გადმოსულ ნებისმიერ მოთამაშეს ადაპტაცია უწევს. კმაყოფილები ვართ. შეუძლია თუ არა მას გაუმჯობესება? ყველას შეგვიძლია გაუმჯობესება. შეუძლია თუ არა მას უფრო დიდი როლის შესრულება? რა თქმა უნდა, თანაგუნდელებისა და გუნდის უკეთ გაგებით. რას ვიმედოვნებთ? რომ ის ჯანმრთელი იქნება და გააგრძელებს გაუმჯობესებას. გუნდს უნდა ჰქონდეს თავდამსხმელებისთვის შესაფერისი დინამიკა, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუმჯობესდნენ. ჟორჟის საუკეთესო მხარე ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ეს მოხდება“, - განაცხადა მარსელინომ.
შეგახსენებთ, მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 27 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალმა“ ლა ლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 45 ქულა დააგროვა და მესამე-მეოთხე ადგილებს „ატლეტიკოსთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „ხეტაფეს“ სტუმრად შეხვდება.