Loading data...
ვილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა.

„ჯერაც ვერ გავიგე, რატომ მომცეს წითელი ბარათი. მსაჯებთან შეკითხვები ხშირად გიჩნდება, მაგრამ პასუხი მხოლოდ ისაა, რომ უნდა დამშვიდდე. ეს გაღიზიანებას იწვევს და მეც ეს დამემართა. არ მივიჩნიე საჭიროდ ხუთივე შეცვლის გამოყენება. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს, გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

ოთხი მცველით გაზაფხულიდან ვთამაშობთ, რაც მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. უკრაინასთან, ჩეხეთთან მატჩებში დავინახეთ, რომ სამცველიანი სისტემა აღარ მუშაობდა. თაობათა ცვლა ხდება და გარკვეულ ცვლილებებს დრო სჭირდება, დრო იყო სისტემა შეგვეცვალა. თურქეთთან ინდივიდუალური შეცდომების გამო წავაგეთ და არა 4 მცველიანი სისტემის გამო. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ბულგარეთი თურქეთისგან განსხვავდება, თანაც, მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს. ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ და შეცდომები მინიმუმამდე შევამციროთ.

მსაჯების წყალობით მატჩის ტრიბუნიდან ყურება მომიწევს, მაგრამ კარგია, რომ ამას უფასოდ შევძლებ. მნიშვნელოვანია ისეთი მითითებების გაცემა, რომელსაც ფეხბურთელები თამაშში გამოიყენებენ. ბულგარეთს სამი წლის წინ ვეთამაშეთ, ორივე მატჩი ჩვენთვის კარგი იყო, ახლა ბულგარეთი შეცვლილია, უფრო კარგი და ორგანიზებული გუნდია“, - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება.