ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ტყვიის სროლაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვიის მსროლელებმა - მარიამ აბრამიშვილმა, მარიამ მარშავამ და სალომე ფროდიაშვილმა - 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვეს.
მარიამ აბრამიშვილმა 575 ქულა დააგროვა, მარიამ მარშავამ - 572, სალომე ფროდიაშვილმა კი - 564 ქულა; სამეულის დაგროვებული 1711 ქულით კი საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონობა იზეიმა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის მესამე მედალია.
ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის ფინალურ ეტაპზე 241,4 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის შერეულმა წყვილმა კი 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 405,6 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.