თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისმა სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 13 მოპოვებული მედლით დაასრულა.
საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.
ტურნირზე ევროპის ჩემპიონობა ავთო მუკბანიანმა (64 კგ) იზეიმა; ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), ნიკა სიდამონიძემ (98 კგ), მირზა ციხელაშვილმა (58 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58 კგ) და ლუკა წიქვაძემ (79 კგ) მოიპოვეს; ბრინჯაოს მედლებს ელენე ქებაძე (+80 კგ), მარიამ ლაფაჩიშვილი (54 კგ), ბექა ძაგანიშვილი (88კგ), გიორგი ქავთარაძე (+98 კგ), ჯაბა თურქია (71 კგ), ირაკლი ტალახაძე (64 კგ) და გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ) დასჯერდნენ. სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ, 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში პრიზიორი სპორტსმენები დააჯილდოვა.
ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ სამბოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, პირველად კონტინენტის პირველობა თბილისში 2008 წელს გაიმართა.