შალვა გოგოლაძე: ხშირად დაგინახავთ სხვადასხვა ქალაქებში ბანერები, სადაც ჩვენი სპორტსმენები არიან „პირველად საქართველოში“ - ასეთი სლოგანით, პირველად საქართველოში ბევრი რამ მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში

ხშირად დაგინახავთ სხვადასხვა ქალაქებში ბანერები, სადაც ჩვენი სპორტსმენები არიან „პირველად საქართველოში“, - ასეთი სლოგანით. „პირველად საქართველოში“ ბევრი რამ მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ „იმედის კვირაში“ პრემიერის 4 ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელთა შორის სპორტის ხელშეწყობაცაა.
მან ქართველი სპორტსმენების წარმატებებზე, სპორტულ ინფრასტრუქტურაში მთავრობისა და კერძო სექტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ფეხბურთელები გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე, კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე და ბევრი ასეთი დიდი წარმატება ჰქონდათ ქართველ სპორტსმენებს. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ მთელმა ქვეყანამ სპორტული ცხოვრებით დავიწყეთ ცხოვრება. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვა სპორტის სხვადასხვა სახეობამ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების მიერ მრავალი ასეული მილიონის ინვესტიცია განხორციელდა სპორტულ ინფრასტრუქტურაში ყველა მიმართულებით, მოთხოვნას შესაძლებლობამ ვერ გაუძლო და აქ უკვე შემოვიდა კერძო სექტორი, სადაც დაინახა, რომ სპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და შეიძლებოდა, სპორტშიც გაკეთებულიყო გარკვეული ბიზნესი.
პირველ რიგში ინვენტარიზაცია მოვახდინეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, სად რა ქონება იყო იმისთვის, რომ კერძო ბიზნესისთვის შეგვეთავაზებინა. ყველაზე მეტი ქონება აღმოჩნდა განათლების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. სკოლებს, რომლებსაც გააჩნდათ ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან გარკვეული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც შესაძლებელია, რომ უეფას მიერ დადგენილი სტანდარტებით სტადიონი და აკადემიები გავაკეთოთ.
განათლების სამინისტროს პოზიცია იყო, რომ შესაძლებელია ამ ქონების გადაცემა კერძო ინვესტორებისთვის, გარკვეული დათქმებით. სკოლის პერიოდში შესაძლებელია, რომ სკოლის მოწაფეებს ეს ინფრასტრუქტურა დაეთმოთ უფასოდ იმისთვის, რომ იმ პერიოდში ჰქონდეთ ამ სტადიონის გამოყენების საშუალება, ხოლო სკოლის შემდგომ უკვე იმ აკადემიას ჰქონდეს კომერციული დანიშნულებით მუშაობის საშუალება.
განათლების სფერო მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტში. ეს იქნება ეკონომიკის, სპორტის სამინისტროს და განათლების სამინისტროს ერთობლივი სამართავი პროცესი“, - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.