სანიოლი კვარაცხელიაზე: შრომას თუ გააგრძელებს, „ოქროს ბურთს“ დაიმსახურებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისის მატჩების შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგი სპეციალისტი ყოველთვის, შემადგენლობის დასახელების შემდეგ ჟურნალისტებს ხვდება და ახლაც ასე იყო: მან უპასუხა შეკითხვებს და მოახლოებულ მატჩებზე, გეგმებსა და ფეხბურთელებზე ისაუბრა.
„ირაკლი იეგოიანმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა ნიდერლანდების ჩემპიონატში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით. მომეწონა მისი სეზონი, რადგან ძალიან შეიცვალა მისი თამაშის სტილი, უფრო ინტენსიური შემტევი ნახევარმცველი გახდა, წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ მარტში გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდული ნაკრებისთვის დაგვეთმო.
დარწმუნებული ვარ, გუნდში შეუძლია კარგი რაღაცების შემოტანა. მჯერა, რომ კარგი მომავალი აქვს და მომდევნო ორ მატჩში მიეცემა სათამაშო დრო, გარკვეული დრო ადაპტაციისთვის დასჭირდება, მაგრამ შეუძლია გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანოს.
მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ადვილი არაა მეტოქეების პოვნა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატია. კმაყოფილი ვარ, ფედერაციის მუშაობით და ამ ორი სპარინგით. რუმინეთის ნაკრები ძალიან ძლიერია და რთული თამაში გველოდება. ბაჰრეინი განსხვავებული სტილის გუნდია და შეგვეძლება, ახალ ფეხბურთელებს მივცეთ შანსი თავის გამოსაჩენად. საინტერესო მატჩები გველოდება და ვნახოთ, რა მოხდება. რუმინეთთან მატჩის შემდეგ გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედოთ ბაჰრეინთან თამაშისთვის.
ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, რადგან სეზონი დასრულდა. მაგალითად, ჩაკვეტაძემ და გოგლიჩიძემ სეზონი დიდი ხნის წინ დაასრულეს, კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს, დავითაშვილს ლიგა 2-ის პლეი-ოფის მატჩები. ხვიჩასთან მქონდა კომუნიკაცია და მისთვის რთული იქნება რუმინეთთან თამაში, მაგრამ ნაკრებთან ერთად ყოფნა სურდა და გამოვიძახე. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ფინალი და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას მასთან დაკავშირებით ბაჰრეინთან მატჩისთვის. მატჩებისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს და ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან ფეხბურთელები.
ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე ახალმა ფორმატმა გაამართლა. ვფიქრობ, ასეთი ცვლილებები ფეხბურთისთვის კარგია. უეფა და ფიფა ყოველთვის ფიქრობენ, რომ ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდეს და უფრო მეტი შანსი მიიღონ საქართველოს დონის გუნდებმა, რადგან ფეხბურთი საყოველთაოა და არა მხოლოდ დიდი გუნდების.
თორნიკე კაპანაძეს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა სლოვაკეთში, მას ვაკვირდებით, ახლა არ გამოვიძახეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს თვალთახედვის არეში არაა უნდა გააგრძელოს შრომა და აუცილებლად გამოვიძახებთ. ზოგიერთი ფეხბურთელი პიკს ადრე აღწევს, ზოგი გვიან. კარგი მაგალითი ილია ბერიაშვილია, რომ შრომა ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგიფასდება.
გურამ კაშიას ძალიან ვაფასებ, როგორც ადამიანს, როგორც კაპიტანს. ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა. ის გამორჩეული პიროვნება იყო გუნდთან ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, ძალიან დააკლდება ნაკრებს, ზოგადად, ქართულ ფეხბურთს. საფრანგეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა, ადამიანს მაშინ ამჩნევ, როცა ის შენს გვერდზე არ არის და თუ რა დააკლდება გუნდს, განსაკუთრებით მომდევნო მატჩებში გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ ქართულ ფეხბურთში დარჩება.
მარჯვენა მცველის არყოლა? შეიძლება უფრო დიდი განაცხადის გამოძახება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები შესაბამის დონეზე იყვნენ და კარგი ფეხბურთი აჩვენა, რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. გვყავს მამაგეიშვილი, რომელმაც ამ პოზიციაზე კარგად ითამაშა და ჩვენი დახმარება მომავალშიც შეუძლია. სექტემბერში კაკაბაძეც დაგვიბრუნდება. დაცვის ცენტრშიც ახალი ფეხბურთელები გვყავს. შეუძლებელია ყველა სპარინგისთვის შემადგენლობას სრულად შეცვლა.
კვარას ოქროს ბურთი? სერიოზულად რომ შევხედოთ, სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთში ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ მხოლოდ დიდ მატჩებში იხარჯებოდა ბოლომდე, უფრო პატარა გუნდებთან - ნაკლებად. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მომეწონა, კრიტიკაზე სიტყვიერი რეაქცია არ ჰქონია, გააგრძელა შრომა, მუშაობა და ბოლო თვეებში კრიტიკოსებს მოედნიდან გასცა პასუხი. ეს იმის მანიშნებელია, როგორი მენტალიტეტის ფეხბურთელია. ის ყოველთვის მუშაობს. როგორც ვთქვი, აუცილებლად სურდა ამ შეკრებაზე ყოფნა და ბაჰრეინთან თამაში.
არ ვიცი, ამ მომენტში მართლა საუკეთესოა თუ არა, მსოფლიოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს შრომას, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს და დამიჯერეთ, ჩემზე მეტად ეს არავის გაუხარდება. ძალიან ხშირად, როდესაც ფეხბურთელს კარგად არ მისდის საქმე, თავს იმართლებს, მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები არ იქცევიან ასე, ისინი ცდილობენ უშუალოდ მოედნიდან გასცენ კრიტიკას პასუხი და ხვიჩაც სწორედ ასეთია“, - აღნიშნა სანიოლმა.