საბერძნეთის სუპერლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან
17 მაისს საბერძნეთის სუპერლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრას ათენის „პანათინაიკოსსა“ და სალონიკის „პაოკს“ შორის ქართველი მსაჯები განსჯიან.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ მატჩზე ფიფას არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. შეხვედრის ვიდეორეფერი ალეკო აფციაური, ხოლო ვიდეორეფერის ასისტენტი ბაკურ ნინუა იქნება.
საჩემპიონო ოთხეულის ბოლო ტურის მეორე შეხვედრას, რომელშიც „აეკი“ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს, ანდრეა კოლომბოს ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩები გადამწყვეტია საპრიზო ადგილების და ჩემპიონთა ლიგის საგზურების გადანაწილების თვალსაზრისით. შესაბამისად, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ორივე შეხვედრას უცხოელი არბიტრები განსჯიან. მატჩები ათენში გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.