Loading data...
ქოჩორაშვილი: გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ამავე დროს ამაყი ჩემი თანაგუნდელებით და ქართველი გულშემატკივრით

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ზოგჯერ ყველაფერი სურვილისამებრ არ გამოდის, მაგრამ ყოველი დაცემის შემდეგ გუნდი ფეხზე წამოდგება და ბრძოლას გააგრძელებს.

„გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ამავე დროს ამაყი ჩემი თანაგუნდელებით და ქართველი გულშემატკივრით. პირველი ტაიმით ყველა უკმაყოფილო ვართ, მეორე ტაიმში ვეცადეთ გამოგვესწორებინა, მაგრამ დროც დაგვაკლდა. ვიცი, რომ სტადიონიდან თავაწეულები გამოვედით და ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში ბევრად მაღალ დონეზე დავბრუნდეთ.

ასევე მინდა მივულოცო 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ეს ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის, ძალა ჩვენშია. ვეცდებით, რომ ისევ დავაბრუნოთ ის დიდი სიხარული, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

ფეხბურთში არის მომენტები, როცა ყველაფერს ძალიან მაგრად აკეთებ, მაგრამ არის მომენტები, როცა ძირს ეცემი და ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გინდოდა, თუმცა, ძლიერი მენტალიტეტი ჩემთვის არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, არამედ, არ დანებდე არასდროს, წამოდგე, როცა წაიქცევი. აქამდე ამ ბრძოლით მოვედი და ასე გავაგრძელებ, რადგან ვიცი, რომ ყოველი ძირს დაცემის შემდეგ შეგიძლია წამოდგე და გააგრძელო ბრძოლა ან დარჩე მიწაზე და არაფერი შეიცვლება. ამ კატეგორიას მე არ მივეკუთვნები, ამიტომ, ვეცდები, რაც შეიძლება მალე წამოვდგე უფრო ძლიერად, მეტი გავაკეთო საქართველოს ნაკრებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ხალხისთვის.

გვაქვს შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად, რადგან ძალა ჩვენშია, დიდი გული გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ შესარჩევ ეტაპზე და საქართველოს ეს დიდი სიხარული კიდევ ერთხელ ვაჩუქოთ“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბურთების ბალანსით აჯობა ალბანეთს. სანიოლის გუნდი მარტში პლეი-ოფში ითამაშებს B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონის ერთ-ერთ მეორეადგილოსანთან. ეს წილისყრით 22 ნოემბერს გაირკვევა, ხოლო სავარაუდო მეტოქეებია სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის პირველ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

ჯგუფი 11 ქულით ჩეხეთის ნაკრებმა მოიგო და A დივიზიონის საგზური მოიპოვა, მეორე ადგილზე 8 ქულით უკრაინა გავიდა, რომელიც A დივიზიონის პლეი-ოფში ამავე დივიზიონის ერთ-ერთ მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო ალბანეთი 7 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა და C დივიზიონში დაქვეითდა.