„პირველი ნომერი შეიძლება მამარდაშვილიც იყოს“ - სლოტი „ლივერპულის“ მეკარეებზე
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ვესტ ჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეკარეების შესახებ ისაუბრა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდში ამ პოზიციაზე ძალიან კარგი მდგომარეობაა და ალისონის გარდა, გიორგი მამარდაშვილსაც შეუძლია პირველი ნომრობა.
„იდეალურ სამყაროში მეკარე არ გჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენად კარგად იცავ თავს, რომ არ გჭირდება მეკარე, რომელიც მნიშვნელოვან სეივებს აკეთებს. თუმცა ჩვენთვის კარგია, რომ თუ მეკარე გვჭირდება, ის შესანიშნავი გვყავს. ალისონი უკვე შვიდი წელია აქ თამაშობს. კარგია, რომ არა მხოლოდ ერთი კარგი მეკარე გვყავს, არამედ გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც, ასევე, შეიძლება პირველი ნომერი იყოს.
გუნდი მეკარეების მხრივ ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ასეა მრავალი წელია. სანამ გიორგი ჩვენთან იქნებოდა, კელეჰერი გვყავდა და ის ძალიან კარგად თამაშობდა, ისევე, როგორც ახლა „ბრენტფორდში“ თამაშობს. თუმცა, ალისონი ყოველთვის პირველი ნომერი იყო და ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად კარგია ის, თუ მას შეუძლია კელეჰერის და გიორგის უკან ჩამოტოვება“, - განაცხადა სლოტმა.