ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმედი აქვს, რომ მწვრთნელის ცვლილებით ყველაფერი პოზიტივისკენ შეიცვლება.
„ეს იყო პერიოდი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული იყო და მწვერვალი იყო ევროპის ჩემპიონატი, ამიტომ, სანიოლს დიდი მადლობა. თუმცა, ბოლო პერიოდში გარკვეული შედეგები არ იყო შესაბამისი. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს, რადგან ყოველთვის გუნდი იგებს და აგებს, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი პოზიტივისკენ შეიცვლება.
დამერწმუნეთ, ფეხბურთელი ყოველთვის ცდილობს მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს. ყოველთვის ასეა, უბრალოდ შეიძლება მოედნიდან ზოგჯერ სხვანაირად გამოჩნდეს. გულშემატკივარ ვპირდები, რომ ხვალ იგრძნობთ მუხტს და სიყვარულს, რომელიც გვაქვს ერთმანეთისადმი და ქვეყნისადმი, რასაც მოედანზე ვაჩვენებთ.
გამოსასწორებლად დრო გვაქვს და როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, სწორი რეაქციაა საჭირო. დანარჩენზე სამუშაოდ დრო გვექნება.
უკრიანასთან არასდროს მოგვიგია? სტატისტიკა უფრო ჟურნალისტებისთვისაა საჭირო. მე, რაც მახსოვს უკრაინას ორჯერ ვეთამაშეთ, მაშინდელი და დღევანდელი უკრაინაც საკმაოდ შეცვლილია“, - განაცხადა კიტეიშვილმა.