Loading data...
ნაკრების სახელით მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის - გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის აღსანიშნად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ნაკრების წევრებისთვის 30 მილიონი ლარის ჯილდოს სახით გადაცემას გამოეხმაურა.  

როგორც ნაკრების კაპიტანი აღნიშნავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. 

„ნაკრების სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის“, - განაცხადა კაშიამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“, - აღნიშნა ნაკრების კაპიტანმა.