Loading data...
ISW: ორბანი ცდილობს, დასავლეთის ყურადღება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაიტანოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აგრძელებს პოტენციურ შუამავლად პოზიციონერებას უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს შუამავლობაზე ან სერიოზულ მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ უკრაინული მედია ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს. 

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, დიდი ალბათობით, ორბანი ცდილობს დასავლეთის ყურადღების გადატანას შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რათა შეარყიოს ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბულგარეთის შუამავლობის შეთავაზებით გამოვიდა.

გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა 6 ივლისს უკრაინას მოუწოდა, გააფართოოს და დააჩქაროს მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, რათა თავიდან აიცილოს „პოლარიზაციის გაღრმავება“ და „პრიორიტეტი დიპლომატიას მიანიჭოს“.

„ორბანის და სხვების მოწოდებები მოლაპარაკებებზე და უკრაინის სამშვიდობო ფორმულა განსხვავებული ძალისხმევებია განსხვავებული მიზნებით და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აჩვენა, რომ ის არ არის დაინტერესებული რაიმე შეთანხმებით, გარდა უკრაინის დანებებისა“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ამავდროულად, ISW ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შესაძლებლობა გააგრძელოს საკუთარი სამშვიდობო პროცესი დამოკიდებულია მის უნარზე გაათავისუფლოს ოპერატიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები.  ამავე დროს, უკრაინა ვერ შეძლებს წარმატებული კონტრშეტევითი მოქმედებების განხორციელებას ამ მიზნის მხარდასაჭერად უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე.