Loading data...
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ატლეტიკოს“ შეხვდება

აშშ-ში დღეს სტარტი აიღო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ორი კვირის წინ მოიგეს და მალევე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს.

ლუის ენრიკეს გუნდი შეხვედრას დანაკლისით ხვდება, ტრავმის გამო ესპანური გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი უსმან დემბელე. დანაკლისი არ აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატლეტიკოს“ გარდა, B ჯგუფში ბრაზილიური „ბოტაფოგო“ და ამერიკული „სიეტლ სანდერსი“ გამოვლენ. მათი შეხვედრა 16 ივნისს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, 15 ივნისს „ინტერ მაიამისა“ და „ალ აჰლის“ შეხვედრით (0:0) გაიხსნა. ტურინირის ყველა მატჩის ხილვა საქართველოს პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.

ტურნირის ფორმატი მსოფლიო ჩემპიონატის სტილს იმეორებს - 8 ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია განაწილებული, საუკეთესოები პლეი-ოფში გავლენ. ტურნირზე 12 კლუბი ევროპიდანაა, 6 სამხრეთ ამერიკიდან, დანარჩენი ადგილები კი აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, აფრიკასა და ოკეანიას შორის არის განაწილებული.

ჩემპიონატი 1 თვეს გაგრძელდება, გამარჯვებულის ვინაობა კი 13 ივლისს გაირკვევა. ტურნირის საპრიზო ფონდი მილიარდ დოლარს აღემატება.