მოკრივე ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა - მან ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ქართველი მოკრივე ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო ჩაეხსნა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„დავიწყებ მადლობით! პირველ რიგში, მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ უამრავ სითბოს, დაფასებას და სიყვარულს.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ნახევარფინალში ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ გავინაღდე ბრინჯაოს მედალი. თუმცა, სამედიცინო კვლევის, ექიმის და გუნდის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება. ბუნებრივია, ბრძოლიდან ბრძოლამდე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ შეუძლებელი გახდა ჩემპიონატის გაგრძელება.
ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ. ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო. თუმცა ამჯერად მიზანშეწონილია, გავიარო სრული რეაბილიტაცია, რათა დაგიბრუნდეთ ბევრად ძლიერი. წინ დიდი გზა გვაქვს – პროფესიონალური კარიერა და მომავალი ოლიმპიური თამაშები 2028“, – წერს ლაშა გურული.